ქუთაისის გულში, ისტორიულ ნიუპორტის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ქალაქის არქიტექტურულად მნიშვნელოვან და ემოციურად დატვირთულ ელემენტს. ეს ადგილი იყო ქუთაისის ზრდის ერთ-ერთი საწყისი წერტილი, ხოლო თავად შენობა დღესაც ღირსეულად აგრძელებს ქუჩის კომპოზიციურ ხაზს —მყარადაა ჩაწერილი გარემოს სილუეტში. სარეაბილიტაციო პროექტი მიზნად ისახავს ამ შენობის პირვანდელი ხასიათის შენარჩუნებასა და მისი ახალი სიცოცხლით ავსებას. კირქვის მასიური კედლები, ხის აივნები და აგურის მიშენებები — ყოველი დეტალი ინახავს იმ ეპოქის სუნთქვას, როცა ქუთაისი ქალაქ მუზეუმად იქმნებოდა. სწორედ ამიტომ, პროექტში გათვალისწინებულია როგორც სტრუქტურული გამაგრება, ისე ავთენტური მასალებით და ტონალობებით აღდგენა. შენობა ვიზუალურად იყოფა ორ ნაწილად. აშენებულია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მასალით. მთავარი ნაწილი (A) შედარებით მტკიცეა და საჭიროებს მხოლოდ კონკრეტული ელემენტების გამაგრებასა და რესტავრაციას. მეორე ნაწილი (B), რომელიც ხის შუშაბანდითა და მსუბუქი აგურითაა აშენებული, ავარიულია და მისი დემონტაჟი გარდაუვალია. კერძოდ, მოიჭრება მოძველებული ლითონის კიბე, შეიცვლება დაზიანებული ხის ზღუდარები, აღდგება ბუნებრივი ქვის ღიობები და მოიხსნება არასაიმედო მიშენებები. აივნის ორნამენტები ნაწილობრივ განახლდება, ნაწილობრივ — რესტავრირდება ხელით, თავდაპირველი ვიზუალის მიხედვით. ხის ზედაპირები დამუშავდება სპეციალური პრეპარატებით, რათა თავიდან აიცილოს მავნე ზემოქმედება და შეინარჩუნოს ბუნებრივი ფაქტურა. მასალების ქიმიურმა კვლევამ გამოავლინა კირქვის, აგურისა და საღებავების შემადგენლობა — თითოეული მათგანი შერჩეულია იმისთვის, რომ შენობის ავთენტურობა არ დაიკარგოს და არ დაირღვეს ვიზუალური კავშირი ქალაქის სულთან.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
ქუთაისი
2023
მიმდინარე
- კვ. მეტრი
-
-